რუბრიკა `კონსილიუმში~ ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია გვესაუბრება

_ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებლით – სახელწოდებით – შესაბამის ეთნოსთანაა დაკავშირებული, ანუ,  თავის დროზე, ეს სახელმწიფოები ეროვნული ნიშნითაა შექმნილი, თუმცა, ეთნიკური კუთვნილებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, დღევანდელი ვითარება რამდენადმე განსხვავებულია: დღეს, ეთნიკური მახასიათებელი – ეროვნულობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი – წინა პლანზე წამოწეული არაა. უფრო მეტიც: თურმე, “კარგ ტონად” ითვლება, თუკი ამ მახასიათებელზე (ეთნიკურ წარმომავლობაზე) ყურადღება საერთოდ არ გამახვილდება. აქვე განვმარტავ,  რომ სიტყვა ,,ეროვნებას” დღეს ორგვარი მნიშვნელობა აქვს: ჩვენში – და ბევრ სხვა ქვეყანაშიც – ,,ეროვნება” ეთნოსთანაა გაიგივებული და ამ ერის (ეთნოსის) წარსულის, მისი წარმომავლობის მიმანიშნებელი სიტყვაა. როცა ვამბობთ  – ,,ეროვნებით ქართველი”, ეს ნიშნავს წარმომავლობით, გენეტიკურად ქართველს, მაგრამ სხვა ენაში, ვთქვათ, ფრანგულში `ნასიონალიტე~ ნიშნავს არა წარმომავლობით ფრანგს, არამედ საფრანგეთის მოქალაქეს. დღევანდელ საქართველოში ამ სიტყვის (ეროვნების) თავდაპირველი მნიშვნელობა უარყოფილია, ანუ ოფიციალური დოკუმენტებიდან ეს რეკვიზიტი ამოღებულია, ხოლო  მისი მეორე მნიშვნელობა, ფრანგულში ან სხვა ევროპულ ენებში რომ გამოიყენება (მოქალაქეს რომ აღნიშნავს), ქართულში დამკვიდრებული ჯერაც არ არის და  სწორედ ეს იწვევს იმ მრავალ  გაუგებრობას, რაც ჩვენი ენობრივი არეალის შიგნით ამ სიტყვის გამოყენებას ახლავს. მაგალითად, კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას ,,ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა” ერქვა, გასული საუკუნის მიწურულს (80-90-იან წლებში) გავრცელდა ტერმინი – ,,ეროვნული მოძრაობა”, 2003-04 წლებში კი გაჩნდა ე.წ. ,,ნაციონალური მოძრაობა”. ინგლისურში (სხვა ევროპულ ენებშიც) ,,ეროვნულიც” და ,,ნაციონალურიც” ერთი და იმავე სიტყვით  გამოიხატება, მაგრამ, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის გაჩენის შემდეგ სიტყვა ,,ეროვნული~ ჩვენში ,,ნაციონალურმა” ჩაანაცვლა. არა, აქ, სამწუხაროდ, სერიოზულ აღრევასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ეროვნულს ისეთ შემთხვევაში იყენებენ, სადაც ნაციონალურის ხმარებაა საჭირო, ანუ სიტყვის დატვირთვა არა ,,ეთნიკური”, არამედ უფრო ,,სახელმწიფოებრივი” ნიშნით. მაგალითად, როცა ამბობენ _ ,,ეროვნული გამოცდები”, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს ,,ეთნიკურად ქართველთა” გამოცდებს. ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობს ყველა ერის წარმომადგენელი, ვინც კი საქართველოში ცხოვრობს.  ,,საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ” სიტყვა ეროვნულს სხვა (მეორე) მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, კანონში ნახმარია ცნება – ,,ეროვნული მენტალიტეტი”, რომელიც არაფრით არ შეიძლება იყოს პოლიეთნიკური. როცა სიტყვას ორი ან მეტი განსხვავებული  მნიშვნელობა აქვს, ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა და მივიღეთ სიტყვათა სემანტიკური აღრევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დღეს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს გადავხედავთ, სადაც ,,ეროვნება” (,,ეთნიკურის” მნიშვნელობით) წინ წამოწეული არ არის, აქცენტი გადატანილია სიტყვა ,,ნაციონალურზე” (ევროპული მნიშვნელობით) და ხაზგასმულია ის, რომ ამ ქვეყნის მკვიდრი ადამიანებისთვის უმთავრესი მახასიათებელი მოქალაქეობაა. მაშასადამე, თუ ვიტყვით, რომ ეროვნულობა ადამიანის ვინაობაა, მოქალაქეობა არის – სადაურობა. ადამიანს ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს ვინაობაც და სადაურობაც, მაგრამ ეს უკანასკნელი ვინაობის ალტერნატივა არ არის. ,,ვინ ხარ?” და ,,სადაური ხარ?” _ ორი სხვადასხვა რამაა. ე.წ. გლობალისტ-კოსმოპოლიტებს რატომღაც მოეჩვენათ, რომ ვინაობის წინ წამოწევა საჭირო არ არის. როცა ეროვნულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, აქვე ჩნდება კითხვები _ ,,რა არის ქართული ოცნება?”, ,,რაზე ვოცნებობთ, რა სახელმწიფოს ვაშენებთ? ,,ქართული ოცნება” ქართულ სახელმწიფოს გულისხმობს? _ დიახო! გვეტყვიან, მაგრამ ქართული სახელმწიფო რას გულისხმობს, სიტყვა _ ქართული რას ნიშნავს აქ? _ ცხადია, ეს მხოლოდ ქართულად მოლაპარაკე სახელმწიფოს არ ნიშნავს. კი, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ისაა, რომ ეს სახელმწიფო ქართულად უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ მთავარია, ეს იყოს ტერიტორია, რომელიც გენეტიკური ქართველებით იქნება (და არის) დასახლებული, რაც, ბუნებრივია, სხვაენოვან ეთნიკურ დიასპორებთან თუ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან თანაცხოვრებას არანაირად არ გამორიცხავს,  მაგრამ, ამათგან განსხვავებით (ეს არ ეხება აფხაზებს), ჩვენთვის (ქართველებისთვის) ეს მიწა-წყალი ერთადერთი ტერიტორიაა, სადაც შეიძლება ქართველი, როგორც კაცობრიობის მოდგმა, არსებობდეს. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი ფიქრობს ერზე, ქვეყანაზე, მის მომავალზე, ოჯახზე… ფიქრს რა დალევს, მაგრამ რატომ გახდა მეორეხარისხოვანი ადამიანის წარმომავლობითი თავისებურებების აღნიშვნა? როგორც ჩანს, ამას საფუძველი აქვს. ვინ არის ქართველი? _ქართველი არის ადამიანი, ვინც ქართულ ენაში ცხოვრობს, ანუ ვინც სამყაროს ქართული ენით აღიქვამს, ქართულად ხედავს სიზმარს, აბოდებს, ფიქრობს, განიცდის ქართულად, ვისაც მისდაუნებურად წამოსცდება ქართული,  ანუ ვისაც არამხოლოდ გაცნობიერებული აქვს თავისი ქართველობა და ქართულენოვნება, არამედ ქვეცნობიერშიც, გაუცნობიერებელ შინაგან სამყაროშიც, რომელიც გააზრებული არ აქვს, იქაც ყველაფერი ,,ქართულადაა მოწყობილი.” ეს არის ქართველი. არის თუ არა ყველაფერი ამის ,,მოქალაქის სტატუსში გადაყვანა” საჭირო და აუცილებელი? ქართველი ერი (აქვე ვიხმარ ტერმინს, რომელიც პრესაში ჯერ არ გახმიანებულა, მასზე შეიძლება ვინმემ იკამათოს, მაგრამ არა უშავს!) კაცობრიობის სახეობაა. მე არ ვამბობ, როგორი სახეობაა _ კარგი, ცუდი, საშუალო, ვინმეზე უარესი, თუ – უკეთესი _ ეს ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ ცალ-ცალკე აღებული  ყველა ეთნოსი კაცობრიობის სახეობაა, რომელიც  სამყაროს თავისი მშობლიური ენით აღიქვამს ეს ბევრად უფრო განსხვავებული ხედვებია სამყაროსი, ვიდრე განსხვავება ლეოპარდსა და იაგუარს, ლომსა და ვეფხვს, ჯიქსა და ფოცხვერს, პანთერასა და ავაზას  შორის, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი კატისებრთა ოჯახიდან არიან. საჭიროა თუ არა არსებობდეს და შენარჩუნებული იყოს ეს სახეობები? _ დიახ, ეს ასე უნდა იყოს, ამაში შეთანხმებულნიცა ვართ. ადამის მოდგმის მიმართ ასე კონკრეტულად არ გვიმსჯელია, მაგრამ ბიოლოგიურ სამყაროზე ხომ ვზრუნავთ. თუ ბიომრავალფეროვნებას ასე თავგამეტებით იცავს მთელი ცივილიზებული მსოფლიო, მითუმეტეს უნდა ვიზრუნოთ კაცობრიობის სახეობებზე, რომლებიც უნიკალურ და ერთმანეთისაგან განსხვავებულ კულტურას ქმნიდნენ  და დღესაც ქმნიან.
_ ბატონო ლევან, კონკრეტულად ,,ჩვენი სახეობის” გადარჩენას რაიმე საფრთხე ემუქრება?
_ დიახ, საფრთხე ემუქრება, რომელსაც პირობითად შეიძლება ,,სინგაპურიზაცია” ვუწოდოთ. სანამ ამას განვმარტავ, მანამდე დავსვათ კითხვა _ დასახლებულია თუ არა ყველა ქვეყანა ,,კაცობრიობის სახეობებით”? _ პასუხი ნეგატიურია – არა! არის ქვეყანა, რომელიც დღეს თითქოს განვითარების გეზს გვიჩვენებს მთელს დანარჩენ მსოფლიოს _ ესაა ამერიკის შეერტებული შტატები. აშშ სწორედ ის ქვეყანაა, რომელშიც მოქალაქეობრივი კუთვნილებაა დომინანტური. ამერიკელი ერი (ნაცია) არ წარმოადგენს კაცობრიობის სახეობას. ეს, რა თქმა უნდა, ამერიკელობის მნიშვნელობას სულაც არ აკნინებს. გარემოებებმა განაპირობეს ისე, რომ თავის დროზე სხვადასხვა ქვეყნიდან წასულმა ადამიანებმა, რომლებმაც თავიანთ სამშობლოებზე უარი თქვეს, თავი მოიყარეს ამერიკაში. ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი, ბატონი შოთა ნადირაშვილი ამბობდა _ ამერიკა სამშობლოს უარმყოფელი ადამიანების მიერ შექმნილი ქვეყანააო. ისინი სხვა კონტინენტზე, სხვის მიწაზე დასახლდნენ და იქ ააშენეს ზე-სახელმწიფო, რითაც მათ შეგნებულად თქვეს უარი კაცობრიობის სახეობად ყოფნაზე. დიდი ბოდიში ყველა ამერიკელთან იმ შედარებისთვის, რასაც ახლა ვიტყვი: _ ვირიც და ცხენიც ბიოლოგიური სახეობებია, მაგრამ ცხენისა და ვირის ნაშიერი _ ჯორი – უკვე სახეობა აღარ არის, რადგან მას განვითარების პერსპექტივა არა აქვს. იგი ცხენისებრთა ოჯახში ,,მოქალაქეა”, მაგრამ არ არის ცხენისნაირთა სახეობა. ანუ, ის, ვინც თავის ისტორიას სუფთა ფურცლიდან იწყებს, არ შეიძლება ისტორიული სახეობა იყოს. შეიძლება აშშ-სგან მისაბაძი და გადმოსაღები იყოს სამოქალაქო ღირებულებები, მაგრამ მას ეთნიკური წარსული და მის მიერვე შექმნილი ეთნოკულტურა არ გააჩნია. ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ეროვნული სახელმწიფო ისე, რომ სამოქალაქო ღირებულებები არ დავკარგოთ, პირიქით _ განვავითაროთ, ავითვისოთ, მაგრამ არამც და არამც არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომელიც ქართველის, როგორც კაცობრიობის სახეობის, გადარჩენა-განვითარებას შეუშლის ხელს. ამიტომ და ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, კარგად მოვემზადოთ იმისათვის, რათა გლობალური პროცესების თანამონაწილენი გავხდეთ. იქნება ეს ინტერნეტი, მობილური კავშირები, ტელეკომუნიკაციები, თუ სხვა. რას ნიშნავს ყველაფერს მომზადებულნი დავხვდეთ? _ განა არ ვართ მომზადებულნი? _ კომპიუტერებსაც ვხმარობთ და მობილურებსაც, მაგრამ ამ სფეროებიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენა არსებითად გამოთიშულია და, როცა გლობალურ სამყაროს ინგლისურად ვუერთდებით, მაშინ ჩვენი ენა თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჰკარგავს. თუ ჩვენ ეს ,,ენობრივი ტერიტორიები” არ ავითვისეთ, დიდად დავზარალდებით. ენობრივი ტერიტორიები კი ჩვენ მარტო გეოგრაფიულ არეალებში არ გვაქვს დასაბრუნებელი აფხაზეთის, სამხრეთ-ოსეთის, სამცხე-ჯავახეთის ან ქვემო ქართლის სახით, არამედ ქართულენოვანი ტერიტორიები ელექტრონულ სივრცეშიც დაკარგული გვაქვს და ეს ყველაფერი უნდა დავიბრუნოთ. ამ თვალსაზრისით, მისაბაძია ისრაელის დამოკიდებულება თავისი ენისადმი, სახელმწიფოებრიობისადმი. ებრაელებმა თითქმის მკვდარი ენა _ ებრაული გააცოცხლეს და სახელმწიფო ენად აქციეს.
_ ებრაელებმა კი გააცოცხლეს ენა, თუმცა ჩვენ გაამერიკელება-გაინგლისელებისკენ მივდივართ. თქვენ ბრძანეთ, ქართველია ის, ვინც ქართულ ენაში ცხოვრობსო. ამ ფონზე, რამდენად არსებობს საფრთხე, რომ სიზმარი ქართულის ნაცვლად ინგლისურად ვნახოთ. აქვე, ერთ მაგალითს გავიხსენებ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა, მან თქვა, იმედია აქ მალე ფრანგულადაც ილაპარაკებენო. ანუ მან, თავისი ენა სხვა ქვეყანაში დაიცვა. ჩვენ კი რა გვჭირს ასეთი, რომ ჩვენსავე ქვეყანაში ვერ დაგვიცავს საკუთარი _ ქართული ენა?
_ ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანი კითხვაა. ზოგს ჰგონია, ენის დაცვა მაღაზიის შესასვლელზე გაკეთებული ინგლისურენოვან წარწერაზე შენიშვნის გამოთქმით ამოიწურება; ენის დაცვა არ არის პროფესია _ ეს მოქალაქეობრივი მოვალეობაა. საკუთარ თავზე შემიძლია გითხრათ: ზოგის აზრით, თურმე, მე პროფესიით ენის დამცველი ვყოფილვარ. სინამდვილეში კი  კავკასიოლოგი გახლავართ – დაღესტნური ენების სპეციალისტი. ზოგჯერ ვხუმრობ ხოლმე, აბრაგი ვარ-მეთქი, რაკიღა აბრებზე წარწერების გასწორება მიწევს (უფრო სწორად, ადრე მიწევდა, თორემ ახლა ესეც ვერ ხერხდება, რაც ჩვენი ხელისუფლება ინგლისურს კრუხივით გადაეფოფრა. სინამდვილეში, ეს უბრალო საქმე სულაც არაა, ეს სწორედ ის საკითხია, რომლის გაუთვალისწინებლად მენტალურად ამერიკელის ტიპის მოსახლეობად გადავიქცევით. პრეზიდენტი ხშირად ამბობს _საქართველო თანაბრად ყველასიაო, მაგრამ მას კარგად არა აქვს გააზრებული ამ გამონათქვამის მნიშვნელობა. თანაბრად ყველასი და საერთო სინგაპურია,  სადაც ძირითადი მოსახლეობა 17 პროცენტია, ხოლო სახელმწიფო ენა –  ინგლისური – ეს 17 და დანარჩენი 83 პროცენტი ერთმანეთს ინგლისურად ესაუბრება. იქ ეროვნულობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. სინგაპური არ არის კაცობრიობის სახეობა, ისევე, როგორც ამერიკა, მაგრამ ჩვენ თუ საქართველოს ქართულენოვან სახელმწიფოდ არ ჩამოვაყალიბებთ, მაშინ მას აქვს მეორე პერსპექტივა _ გახდეს ინგლისურენოვანი ტერიტორია და ქართველობამ, როგორც კაცობრიობის სახეობამ არსებობა შეწყვიტოს. აქ დარჩებიან წარმოშობით ქართველები, ისევე, როგორც სლავური წარმოშობის კრილოვები, გოგოლები და ა.შ. ცხოვრობენ ჩხოროწყუსა და მარტვილში. იდეალური ვითარება იქნებოდა, როდესაც ხარ საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქე, მთლიანად ინარჩუნებ შენს ეთნიკურ თავისებურებებს, მაგრამ, ენობრივი თვალსაზრისით, სახელმწიფოში ისევე იქცევი, როგორც ქართველი. მაგალითად, თბილისელ ქურთებთან, ან იეზიდებთან ურთიერთობისას ენობრივი, მოქალაქეობრივი პრობლემა არასოდეს არ ყოფილა და არც არის, ისინი ქართველებთან ერთად აშენებენ ეროვნულ სახელმწიფოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქურთებმა აუცილებლად ,,ჩაკრულო” და ,,მრავალჟამიერი” უნდა იმღერონ ან ჩვენი ხალხური ცეკვები შეისწავლონ. არა, ბატონო! მათ თავიანთი ეთნოკულტურა და ადათ-წესები შეინარჩუნონ, არავინ ამაში ხელს არ უშლის, არ ზღუდავს. ერთადერთი ფაქტორი, ურომლისოდაც სახელმწიფო მონოლითური და მთლიანი ვერ იქნება, ენაა  და ეს დამოკიდებულება _ სახელმწიფოში სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანების მიმართ, ჯერ კიდევ 23-24 საუკუნის წინანდელ საქართველოშია გამოხატული, როდესაც ქუჯი ეგრისელი და ფარნავაზი თანხმდებიან, რომ საქართველო იყოს ერთიანი ქართულენოვანი სახელმწიფო თავისი მრავალი შენაკადით: `ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლისა შინა ქართველსა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული~. ამისავე მაგალითია სვანებისა და მეგრელ-ჭანების (კოლხების ანუ ზანების) შემოერთება ერთიან ქართულ სივრცეში და ამის საფუძველზე კვლავ ერთიანი ქართველი ერის ჩამოყალიბება. ამას გარდა, უამრავი სხვა ერი და ეთნოსი შემოგვიერთდა, აბსოლუტურად ყველა მივიღეთ, ვიძმეთ, შევიკედლეთ. ახლა მე გეკითხებით: როცა Eერთიანი დიდი ოჯახის 20-მდე წევრი ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ერთი და ორი რომ შემოვიდა უცხო, ჩვენ 20-ნი მის ენაზე უნდა გადავიდეთ? რატომ?, ხომ თავად შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში,საკუთარი ნებით და სურვილით? ჰოდა, გველაპარაკონ დიდი ოჯახის ენაზე, საერთო ენაზე და საერთო სახელმწიფო ავაშენოთ. აი, რას ვეძახი ეროვნულ სახელმწიფოს და ვის შეუძლია ამას რაიმე დაუპირისპიროს? რატომ უნდა მოვიჭრა მე სახელმწიფოებრივად ამერიკულ მოდელზე, როდესაც შემიძლია იქედან მხოლოდ მოქალაქეობრივი ღირებულებები წამოვიღო. ეროვნული სახელმწიფოს აშენება კი ენის მოვლა-პატრონობის გარეშე არ მოხერხდება. საბჭოთა საქართველოში 20-იან წლებში დაიწყო ტერმინოლოგირი საქმიანობა. 1921 წელს თბილისის უნივერსიტეტში ენობრივი კომისიები შეიქმნა, გამსახურდიას და შევარდნაძის დროს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია პრეზიდენტების რანგში იყო აყვანილი, სააკაშვილმა კი აბსოლუტურად ყველაფერი წაშალა. როგორ? ივანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ, აკაკი შანიძემ, გიორგი ახვლედიანმა, ვარლამ თოფურიამ, ქეთევან ლომთათიძემ, ივანე გიგინეიშვილმა, ნიკო მუსხელიშვილმა, ილია ვეკუამ, ნიკო კეცხოველმა, სიმონ ჯანაშიამ და სხვა კორიფეებმა არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ, რატომ იყო ეს საჭირო და მიშამ უკეთესად იცის?!
_ ამ კორიფეებს, რომლებიც ქართული უნივერსიტეტის სათავეებთან იდგნენ, განათლება რუსეთში ჰქონდათ მიღებული, თუმცა იცოდნენ, რომ ამის გამო საქართველოში რუსეთი არ უნდა აეშენებინათ. ახლანდელი მთავრობის წევრების დიდმა ნაწილმა კი უცხოეთში დაამთავრეს უნივერსიტეტები და ამიტომ ჩვენი სამშობლო ინგლისად უნდა გადააკეთონ?
_ დღეს მიშას ქვეყნის განვიარების გეზი არჩეული აქვს: ის ამბობს, რომ სინგაპურს აშენებს. მოდით, ამ ამბავს საქართველოში მცხოვრები რომელიმე სხვა ეთნოსის წარმომადგენლის, მაგალითად, სომხის პოზიციიდან შევხედოთ: _ კაცო, ეს ქართველები თვითონ ინგლისურზე გადადიან, ჩვენ გვეუბნებიან, გრანტებს მოგცემთ, ჯერ ქართული, მერე ინგლისურიც ისწავლეთო, ქართულს რომ ვისწავლით, ქართველებს კი დაველაპარაკებით, მაგრამ აზერბაიჯანელებმაც არ იციან ქართული _ ახლა, აზერბაიჯანულიც ვისწავლოთ? თუ რა ვქნათ?. ამიტომ სომეხი ფიქრობს: არ მირჩევნია, მეც პირდაპირ ინგლისური ვისწავლოო. როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როცა რუსულს ეროვნებათაშორის ურთიერთობის ენას ეძახდნენ. ახალ ვითარებაში ამ ფუნქციას ინგლისური იტვირთავს და მოგჭამათ ჭირი ქართულმა, როგორც ქვეყნის სახელმწიფო ენამ.
როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ნავროზობას ულოცავს აზერბაიჯანელებს და ბოდიშს უხდის მათ იმის გამო, რომ უფრო კარგად არ იცის აზერბაიჯანული და ჰპირდება, შემდეგი შეხვედრისთვის მეტს ვისწავლიო _ ეს არ არის სწორი! პრეზიდენტი არ არის ვალდებული ისწავლოს იმდენი ენა, რამდენი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელიც ცხოვრობს ჩვენთან. არცერთ სახელმწიფოში ასე არ ხდება. რაც შეეხება, მის საჯარო გამოსვლებს, როცა პრეზიდენტი ქვეყნის სახელით გამოდის, იგი ქვეყნის ენაზე _ ქართულად უნდა ლაპარაკობდეს. პრეზიდენტ ობამას სარკოზისთან ან მერკელთან რომ ჰქონოდა დახურული შეხვედრა, გარეთ გამოსვლის შემდეგ, თქვენ გგონიათ, ისინი პრესკონფერენციაზე ლაპარაკს ინგლისურად დაიწყებდნენ? არ ყოფილა შემთხვევა, რომ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტს ინგლისურად ელაპარაკოს. რაო? არ იცის მან ინგლისური? _ როგორ გეკადრებათ, ძალიან კარგად იცის! ანგელამაც იცის გერმანულის გარდა სხვა ენები, მაგრამ იგი გერმანიას წარმოადგენს, გერმანია ლაპარაკობს მისი პირით. საქართველოს პრეზიდენტის პირით საქართველო უნდა ლაპარაკობდეს და არა ამერიკა ან ინგლისი. სამწუხაროდ, ჩვენთან ისე შემოიჭრა ეს ინგლისური, როგორი აგრესიული შემოჭრის ფაქტიც საბჭოთა პეროდშიც კი არ დასტურდება. რუსებს ამის მსგავსი არაფერი არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, რუსული ენიდან ქართულში სიტყვა _ ლექსიკური ერთეული თითქმის არ შემოსულა, თითო-ოროლას გარდა და იმასაც კი ქართულ შესატყვისებს ვუძებნიდით (მე არ ვგულისხმობ ზეპირი გზით გავრცელებულ ბარბარიზმებს). ინგლისური კი საკმაოდ დიდი დოზით შემოვიდა.
_ თქვენ აღნიშნეთ ხე ნაყოფით იცნობაო, მაგრამ ჩვენ ხეს ცდილობენ სხვა ფესვები ჩაუდგან და ასე ხომ სულ სხვა ნაყოფს მივიღებთ?
_ რაც შეეხება ფესვებს, რუსებს ოდნავი ზიანიც კი არ მოუყენებიათ, ამ თვალსაზრსით, ქართულენოვანი საზოგადოებისთვის. მცდელობა იმისა, რომ საქართველო ინგლისურენოვანი სახელმწიფო გახდეს, ვფიქრობ განწირულია, რამდენადაც ეს მომასწავებელი იქნება იმისა, რომ ერმა თვითმკვლელობაზე მოაწეროს ხელი და მერე უკვე გამოსაძიებელი აღარ იქნება, ვინმემ გვესროლა თუ თვითონ მოვიკალით თავი. ეს კარგად უნდა გავიაზროთ და ვიცოდეთ, რა მისია გვაკისრია, რამდენად გვინდა ასეთები ვიყოთ. ერი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სიცოცხლისუნარიანია, წესით, ამგვარ ნაბიჯს არ უნდა დგამდეს. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს პოლიტიკაში მომავალი ახალი ძალა ყურადღებას მიაქცევს.
_ ,,ახალ ძალას” გააზრებული აქვს, რომ ეროვნული სახელმწიფოს შენება ენის ფაქტორის იგნორირებით შეუძლებელია? სახელმწიფოს მშენებლობა ენაზე საუბრით და არა ეკონომიკის წინ წამოწევით რომ უნდა დავიწყოთ?
_ სახელმწიფო მრავალი კომპონენტისგან შედგება. თუ ადამიანი მშიერია, ბავშვი ჩაუცმელი ჰყავს, განათლებას ვერ აძლევს, გზები მოუწესრიგებელია, ასეთ შემთხვევაში მას ერის სულიერ მისიაზე და სხვა მსგავს მაღალ მატერიებზე ვეღარ დაელაპარაკები. მაგრამ ყოველთვის კარგად უნდა გავიაზროთ და  თითოეული მოქალაქის გონებამდე დავიყვანოთ, რომ ეს ყველაფერი საშუალებაა იმისათვის, რომ ქართველმა ერმა, როგორც კაცობრიობის სახეობამ და სამყაროს გამორჩეულმა, განსხვავებულმა მოვლენამ, თავისი სულიერი მისია განახორციელოს, ააღორძინოს შემოქმედებითი პოტენციალი და იგი მთელს კაცობრიობას გაუზიაროს.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა საუბარში _ წაწლობისა და სწორფრობის ინსტიტუტის მქონე ერს ახლა გვასწავლიან ბოიფრენდი და გელფრენდი როგორ ვიყოლიოთო?! უამრავი მივიწყებული ადათ-წესი გვაქვს, რაზეც ჩვენი ,,პატრონი” ყურადღებას არ ამახვილებს. კი, შეიძლება არ არის საჭირო ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე ვისაუბროთ, მაგრამ ვიღაცამ თავი რომ ჩამოიხრჩო, ამის გამო თოკის წარმოება შევწყვიტოთ?!
წეღან თქვენ ახსენეთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩვენს სამშობლოში საკუთარი ენა დაიცვაო. საფრანგეთში არსებობს სამინისტრო, რომლის ფუნქცია საფრანგეთის გარეთ ფრანგული ენის გავრცელებაა. იქნებ მე ფრანგული მირჩევნია, რატომ მაიძულებ მაინცადამაინც ინგლისურს? სიღნაღში ცხოვრობს ერთი ამერიკელი, რომელმაც ქართული სიმღერა ისწავლა და ცოლიც ქართველი შეირთო. აი, ამ ტიპის ,,შემოერთება” გვინდა ქართულ კულტურასთან და სახელმწიფოსთან. სააკაშვილი კი არაქართულად იქცევა, როცა ამბობს საქართველო თანაბრად ყველასიაო _ არა! არ არის, ბატონო, თანაბრად ყველასი. საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას კარგად უნდა ავუხსნათ _ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული. ქართველების ეს ერთი უნიკალური ფენომენი სომხისთვისაც, აზერბაიჯანელისთვისაც და სხვა ყველასთვის, ვინც აქ ცხოვრობს, სავალდებულოა, ისე, როგორც აზერბაიჯანში აზერბაიჯანული, და სომხეთში სომხური. მაშასადამე, თანასწორობა თუნდაც ამ ერთ პუნქტში უკვე დაირღვა. გარდა ამისა, შემიძლია ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, რის გამოც არ ვართ თანასწორნი. სხვათაშორის, ობამამ სააკაშვილს მოუწონა _ ქვეყანაში უმცირესობათა საკითხები სწორად გაქვს გადაწყვეტილიო. მე თუ მკითხავთ, არ აქვს სწორად გადაწყვეტილი, უფრო მეტიც, საერთოდ გადასაწყვეტია ეს საკითხი. ჩვენ არ ვიცით საქართველოში ვინ არის უმცირესობა. საქართველოში ყველა სომეხს უნდა ჰქონდეს გარანტირებული, სამართლებრივი თვალსაზრისით, ყველა ის უფლება, რაც გარანტირებული აქვს პარიზში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში და ა.შ. ვიკითხოთ, რა უფლებებით სარგებლობენ იქაური სომხები და ყველა ის უფლება აქაც მივანიჭოთ. გავარკვიოთ ეს და მერე ვნახოთ, როგორ აღმოჩნდება შარლ აზნავური საფრანგეთში ფრანგი და ახალციხეში სომეხი. ეთნიკური უმცირესობების საკითხიც ისევე გადავწყვიტოთ, როგორც ეს მსოფლიოშია. ერთხელ და სამუდამოდ გავერკვეთ _ ვინ არის ქვეყანაში ეროვნული უმცირესობა და ვინ დიასპორა. ახალ ხელისუფლებას ეს საკითხი უნდა დავუსვათ: თუ მსოფლიო არ აღიარებს ეროვნებას, როგორც მოქალაქეთა გაერთიანების ნიშანს, მაშინ ეროვნული უმცირესობა რაღა არის? არ სცნობ უმრავლესობას და ამ დროს იმის უმცირესობა გაქვს, რომლის უმრავლესობასაც არ სცნობ? _ ეს კურიოზია. საქართველოში მცხოვრები სომხები ქართველებისკენ უნდა მოდიოდნენ. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი სომხებისკენ ვიაროთ. კი ბატონო, სომხებთან წავალთ ერევანში, როგორც სტუმრები და მეგობრები. მაგრამ საქართველოში ისინი ისეთივე მასპინძლები არიან, როგორც ქართველები და ჩვენი ოჯახის ადათ-წესი, როგორც მასპინძელმა, საქართველოს მოქალაქემ, სრულად უნდა აითვისოს. საქართველოში მცხოვრები სომეხი, უცხოეთში, ქართველი ერის წარმომადგენელი უნდა იყოს და არა სომხების. ვინ არის ეროვნული უმცირესობა საქართველოში? ეროვნული უმცირესობა საქართველოში აფხაზები არიან. შეიძლება კიდევ რამდენიმე ეთნოსის საკითხიც დაისვას, მაგალითად ქურთების, რომელთაც სახელმწიფო წარმონაქმნი არა აქვთ. გამოკვეთილად, შემიძლია ვთქვა _ ოსები არ არიან საქართველოში ეროვნული უმცირესობა. მაგრამ აფხაზებზე ზრუნვა კი გამორჩეულადაა საჭირო. რაც შეეხება სომხურ კულტურას, მას საქართველოში ზრუნვა ნამდვილად არ სჭირდება – სომხური ენა და კულტურა უნდა აღორძინდეს და განვითარდეს მხოლოდდამხოლოდ სომხეთში და არსად სხვაგან. მაშასადამე, აფხაზებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა იმიტომ, რომ მათ სხვა სამშობლო არა აქვთ. ყველა ქართველმა კარგად გავახილოთ თვალი, გავიაზროთ და ეს ხალხი გულში ჩავიკრათ იმ შეგნებით, რომ ისინი ჩვენი ძმები, დები არიან. იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ცალკე სახელმწიფოდ გამოვყოთ. არსებობს სხვა გზები მათი გულებისკენ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ ამას გვთავაზობს დღეს ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილსაც ჰქონდა ეს შანსი, მაგრამ თავისი უუნარობის გამო, ვერ გამოიყენა. ახლა, წყალდიდობა გვაქვს და ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა ნიაღვრისგან. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, რათა ,,წარსულ დროებზე დარდი მოვიკლათ” და სამომავლო ლიდერს დავუჭიროთ მხარი. ქვეყნის, ერის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ. თუ ერთი ჯგუფის ინტერესები მეორისთვის მისაღები არ არის, ამის გამო ერთმანეთს ნუ დავაჯახებთ მათ. თუ ყველანი ჩვენი შესაძლებლობების, აღქმის უნარისა და ცოდნა-გამოცდილების  მიხედვით მოვიქცევით, მაშინ აღარ ჩავვარდებით სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მდგომარეობაში, რომელსაც ის კი უნდოდა, თანამოქალაქეებს ,,ოპერაში მოსიარულე კაცად” ჩაეთვალათ, მაგრამ ტაში როდის უნდა დაეკრა, მისდა სამწუხაროდ, ეს არ იცოდა (,,არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”).

ესაუბრა თამარ შველიძე

Posted in Uncategorized | Leave a comment

გვესაუბრება მსახიობი
პაატა ბარათაშვილი

_ ბატონო პაატა, თქვენ ეროვნული მოძრაობიდან მოდიხართ, იყო ომები, არეულობები. პირადად თქვენც დევნას განიცდიდით. დღეს აშკარად აღარ ისვრიან, მაგრამ ხალხი თავს უშიშრად რომ არ გრძნობს, ფაქტია. მოდით, შევადაროთ დღევანდელობა და ის წარსული პერიოდი ერთმანეთს.
_ სახელმწიფო საბჭოს დროს ბევრი უბედურება დატრიალდა, იყო კუდიანებზე ნადირობა, ხალხის დევნა, საქართველოს ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, რასაც მე მოვესწარი, ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელია. არ ვიცი, თუ არსებობს მსგავსი ანალოგი, რომ ადამიანმა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლება, დამოუკიდებლობა მოუტანა განდევნეს, სიცოცხლეს გამოასალმეს. ვიმეორებ, ეს ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელია ჩვენს ისტორიაში. დღევანდელობა იმ პერიოდთან შედარებით ცოტა განსხვავებულია. ადრე თუ ხალხის დევნა აშკარა იყო, დღეს შეფარულად აკეთებენ. ხელოვნებაში ვმოღვაწეობ და ვთქვათ რა ხდება ამ სფეროში. ნახეთ ნაციონალურ არხებზე გადაცემები, შოუები, ერთი და იგივე ხალხია, რომლებიც ხელისუფლების მაამებლები არიან. სხვა სფეროებშიც ასეა. დღეს, სამწუხაროდ, აშკარად ხოცავენ ხალხს. ნახეთ, რა მოხდა ახლახან ხაშურში?! დღეს დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული მოქმედებენ, თორემ სხვაობა ბევრი არ არის. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა საპირწონე ძალა ბიძინა ივანიშვილი და ნახეთ, რა იაფასიანი მეთოდებით ებრძვიან. ერთი კაცის წინააღმდეგ იცვლება ქვეყნის კონტიტუცია.
_ რადგან ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ, აქვე შეგეკითხებით, როგორ შეაფასებთ მის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას?
_ პოლიტიკურ ასპარეზზე მისი გამოჩენით კმაყოფილი ვარ. მაგრამ, ერთს კი ვურჩევ, გააკეთოს არჩევანი ეროვნულ ძალებზე. საბედნიეროდ, ეროვნული მუხტი საქართველოში არ გამქრალა, საკმაოდ აქტუალურია.
საერთოდ, ოპტიმისტი ვარ. პესიმისტზე ამბობენ, კარგად ინფორმირებული ოპტიმისტიაო. ეტყობა, არა ვარ ინფორმირებული და იმიტომ ვარ ოპტიმისტი. ხუმრობა იქით იყოს, საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ღმერთი უშველის, მაგრამ ხელი ჩვენც უნდა გავანძრიოთ. ყოველ შემთხვევაში, ამაზე უარესი, რაც დღეს არის, არაფერი არ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ უყვარს ქართველი, ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, პატივს სცემს განათლებას და აკეთებდა იმ საქმეს, რაც წესით ხელისუფლებას უნდა ეკეთებინა. გაეგრძელებინა ქველმოქმედებაო, _ ამბობს ზოგიერთი. რა კარგია, არა? ამათი საქმე ბიძინამ აკეთოს და ამათ კიდევ სახელმწიფო ხაზინიდან ფული ჩაიდონ ჯიბეში. გუშინდელი ცხვირმოუხოცავი ტიპი რომ ხარ, ჯერ კიდევ ბავშვი რომ მოხვედი და დაჯექი მინისტრის სავარძელში, ღვაწლმოსილ ხალხს, რომლებმაც 40-50 წელი იმუშავეს, შენი ხელფასის მეასედს უნდა აძლევდე პენსიას? ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ შექმნა უსამართლო ქვეყანა. ესენი არავის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებული, რადგან გაყალბებული არჩევნებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. არ მინდა მთელი ქართველი ერი `ოფიციანტებად~ გადაიქცეს, მაგრამ აქეთკენ მიდის საქმე.
_ პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა რატომ არ ისაუბრეს 26 მაისს მომხდარ მოვლენებზე?
_ ის დღე მართლაც საშინელება იყო! რატომ არ იყო ამაზე ლაპარაკი, არ ვიცი, შეიძლება ის ლიდერები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აქციას ვინმესთვის მიუღებლები იყვნენ, მაგრამ იმ ხალხმა რა დააშავა, რომლებსაც ასე სასტიკად გაუსწორდნენ. რუსეთის აგენტებიო, სხვებს აბრალებენ, მაგრამ თვითონ არიან! ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე რუსები სააკაშვილს ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში, მაგრამ ახლა ლავროვი ამბობს, ომი იმიტომ დავიწყეთ, საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანებულიყოო. რა სისულელეა, ვინ გვიღებს ნატოში.
_ პოლიტიკურ სცენაზე თუ აპირებთ გამოჩენას და სად შეიძლება ვიხილოთ პაატა ბარათაშვილი?
_ იქ სადაც ეროვნული ძალებია. დღეს ეროვნული ძალები ძირითადად თავმოყრილი არიან `კავკასიის ჰელსინკის ჯგუფში~, მეც იქ ვარ და ბრძოლას ვაგრძელებ.
გია ბურდული

Posted in Uncategorized | Leave a comment

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო იჭრება და ამჟავებული რძესავით ისეთ მწარე-მწარე საქმეებს აკეთებს, რომ მრავალნაცად საზოგადოებას ცალყბად გაღიმებულს ტოვებს. ისე, ასაჭრელად ნამდვილად აქვთ საქმე, რადგან ამათ ნამოქმედარ შავბნელ საქმეებს ვიღაც კეთილი ძია კანონის შესაბამისად ასწორებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ძია ხელისუფლების პატრონი, დასავლელი საზოგადოებაა და ყურს მაშინ უწევს, როცა ძალიან უბერავს და კანონიერებას ფეხქვეშ თელავს.

ერთით ნული
`ქართუს~ სასარგებლოდ
დავიწყოთ იმით, რაც ბოლო დროს ყველაზე ხმაურიან საკითხად იქცა, როგორც საბანკო სფეროში, ისე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. საქართველოს მთავრობამ მოულოდნელად უარი თქვა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც პირველადი იპოთეკარის უფლება ბიუჯეტს ეძლეოდა. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს ცვლილება გათვლილი იყო `ქართუ ბანკის~ დასაზარალებლად. ხელისუფლებამ ერთგვარად მიაღწია კიდეც მიზანს. ბევრი მსხვილი კრედიტორი, ვისაც ბანკში ჩადებული ჰქონდა რამდენიმემილიონიანი ქონება, იძულებული გახდა, ეს აქტივები გაეყიდა, რათა გაესტუმრებინა ბიუჯეტის დავალიანება, რომელიც არავინ იცის, როდის და რა პირობებში წარმოიშვა. სამაგიეროდ, ბანკი დარჩა გარანტიების გარეშე, ანუ მსესხებელი კრედიტს დააბრუნებდა თუ არა, მხოლოდ მის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. ცნობილია ისიც, რომ მსგავსი პრობლემა მხოლოდ `ქართუს~ კლიენტებს გაუჩნდათ და არც ერთ სხვა ბანკს.
ბანკის გენერალურმა დირექტორმა ოფიციალურად მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და საქართველოს მთავრობის უკანონო გადაწყვეტილების საკითხის შესწავლა სთხოვა. მსოფლიო ბანკმა ეს პრობლემა საფუძვლიანად გამოიკვლია და ხელისუფლებას მისი ანულირება მოსთხოვა. მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია სააკაშვილის უფროსია და მათი სიტყვა კანონია. ასე მოხდა ამჯერადაც. მთავრობამ ოპერატიულად შეასრულა მოთხოვნა და პირველადი იპოთეკარის უფლების ინიციატივაზე უარი თქვა.
მართალია, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ არის სწორი მოსაზრება, თითქოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებთან კონსულტაციების შედეგად მიიღოო, მაგრამ ჩვენ ამას ნუ დავიჯერებთ. ეს კაცი ორი თვის წინ ასევე წარმატებით ამტკიცებდა, რომ საკანონმდებლო ცვლილება არავის მიაყენებდა ზიანს და იგი არ იყო მიმართული მხოლოდ ერთი ბანკის წინააღმდეგ. ზურაბ გვასალია ამტკიცებს, რომ ამავე დროს ბიზნესთან სერიოზული კონსულტაციები მიმდინარეობდა: _
ცოტა ხნის წინ შეხვედრა შედგა ბათუმში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და ბიზნესის ფართო სპექტრი ესწრებოდა. არაერთი შეხვედრა იყო ბანკების ასოციაციასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან და ყოველივე ამის ნიადაგზე, ბიზნესის და აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ მთავრობამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
უჰ, მძიმე, ანუ მჟავე შემთხვევაა. ამაზე იტყვიან, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირნახირო. საითაც დაუბერავს ხელისუფლების სურვილები, გვასალიაც იქით მიეფარება, ემანდ, ნაციონალების მიზნებს, ანუ ჩემს კეთილდღეობას არაფერი დაემუქროსო. მერე ეს ექსპერტი და პროფესიონალი იმის მტკიცებას მოჰყვება, რომ არასასურველი და ხშირად არასწორი ინტერპრეტაციები, რაც ამ ცვლილებას მოჰყვა, რასაკვირველია, იმოქმედებდა გარემოზე და არა მარტო საინვესტიციოზე, თავად ბიზნესსაც შეუქმნიდა პრობლემებს. ცალსახად იმის თქმა, რომ ამ ცვლილების მოქმედების პერიოდში მხოლოდ ერთი ბანკი დაზარალდა, არასწორია. ცვლილება მთელი საბანკო სექტორისათვის გატარდა და რატომ ხდება აქცენტირება ერთ ბანკზე, გაურკვეველია.
რა არის გარკვეული გვასალიასთვის, მის სინდისზე იყოს. მთავარია, რომ ხელისუფლებამ უკან წაიღო თავისი გადაწყვეტილება და პირვანდელი სახით ბრუნდება ის ჩანაწერი, რომელიც საგადასახადო კოდექსში არსებობდა. ასე რომ, ერთით ნული `ქართუს~ სასარგებლოდ. ხელისუფლება იძულებულია, კიდევ ერთ გახმაურებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე თქვას უარი, თუმცა ამაზე შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ, როცა საკითხი სრულად გადაწყდება.

ფიცი მწამს,
ბოლო მაკვირვებს
პრეზიდენტი რომ ყოველდღე რუსეთუმეებს ეძახის ყველას, ვისაც მისი ჩიტირეკია მოქმედებები არ მოსწონს, ნაცნობი ამბავია. ბოლო დროს, სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეც დაემატა და მაგალითად, გუშინ სულ რუსეთის მოსყიდულები ეძახა ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს. ვიდრე გავარკვევთ, ვინ უფრო დიდი რუსეთუმეა, ერთ საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ~ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაყიდა. ლიცენზიის საწყისი ღირებულება 110 მილიონ ლარს შეადგენდა. აუქციონში უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანია „მაინინგ ინვესთმენთსი“ მონაწილეობდა, რომელმაც აუქციონზე გამოტანილი 27-წლიანი ლიცენზია 110,5 მილიონ ლარად შეიძინა. ლიცენზია 2014 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება. დღეისათვის აღნიშნულ საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია „მადნეული“ ფლობს. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, ბოლნისში, მადნეულის საბადოზე არსებული მარაგები ლიცენზიის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში დაითვალოს, ხოლო საყდრისის საბადოზე _ 48 თვის განმავლობაში.
აქვე დავამატებთ, რომ `მადნეული~ პარლამენტარ კობა ნაყოფიას საკუთრებაა, რომელმაც სწორედ რუსეთში ნაშოვნი ფულით შეიძინა ქონება. ამხელა სიმდიდრეს მარტო ვიღაც ნაყოფიას რომ არავინ დაუთმობდა, ფაქტია. მასთან ერთად წილს ინაწილებენ რუსეთის სხვა მოქალაქეებიც, სხვათა შორის, უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნები. შარშან წლის მიწურულს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ორმოცამდე ლიცენზია, რომელსაც `მადნეული~ ფლობს, ქმნის მონოპოლიას ამ სფეროში და ამიტომ კომპანიას ორი ლიცენზია დაათმობინეს. ერთი შარშან გაიყიდა, მეორე კი _ წინა კვირას.
ლიცენზიის გაყიდვის ფაქტს ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ მყიდველი კომპანიის დამფუძნებელიც რუსეთის მოქალაქეა და საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ძველ პოლიტიკას, სასარგებლო წიაღისეულისა და სამრეწველო ობიექტების რუსეთისათვის გადაცემას:
_ სამწუხაროდ, უფრო და უფრო ნათელი ხდება სააკაშვილის ჩრდილოეთისკენ ორიენტაცია. ტერიტორიების გადაცემა შეფუთული ომით, კოდორის და ახალგორის უსიტყვოდ ჩაბარება. მამისონისზე საზღვრის აქეთ გადმოწევა რამდენიმე კილომეტრით. სწორედ იმ დროს, როცა ოსეთიდან პრეტენზიებს აცხადებენ `თავიანთ~ მიწებსა და სახლებზე საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დროს…. უვიზო რეჟიმის შემოღება!!!!! და კიდევ …. თელასის, ენგურჰესის და ბევრი სხვა მაგალითების შემდგომ, რუსებისთვის ბოლნისის და მადნეულის ოქროს და სპილენძის საბადოების ჩაბარებამ ნათელი მოფინა სააკაშვილის განძრახვას: კონპანიან `მაინინგ ინვესტმენტმა~ მიიღო 27 წლით ლიცნეზია!!!!!  კომპანია ეკუთვნის ვიღაც ლიტვის მოქალაქეს, მგრამ რეზიდენტია რუსეთის და ცხოვრობს პეტერბურგში!!!!!! ეს კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში ამა წლის 13 თებერვალს (!!!!), აუქციონი კი ჩატარდა 29 თებერვალს. ამაზე აშკარა ჩაბარება რესურსების და ტერიტორიების რა უნდა იყოს???? მეტი რა გააკეთოს სააკაშვილმა, რომ დაგვარწმუნოს, ვინ წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში? ვინაა რუსეთუმე?
რიტორიკული კითხვებია, თუ ფაქტებს ჩავუღრმავდებით. სააკაშვილმა ბოლო დროს კარგად გაითავისა ერთი ქართული ანდაზა, ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალი. რა მამაძაღლობასაც გააკეთებს, მერე დგას და ხელს სხვისკენ იშვერს, მაგათი გაკეთებული იქნებაო. მარტო ამბობს კი არა, შვრება კიდეც, რადგან თუ გარედან რომელიმე პატრონმა არ დაუცაცხანა, ისე მაგის გამჩერებელი შიგნით არავინაა.

ამ ქვეყანაში ბევრი
და უფასო მარტო ბოლია
საავადმყოფოების გახსნის რეჟიმში მყოფი პრეზიდენტი, პარალელურად ისეთ ტემპში ლაპარაკობს, რომ ძნელია გაარკვიო, რა არის სიმართლე და რა ხალხური ზღაპარი. პარლამენტში გამოსვლის და გაქცევის შემდეგ იგი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მისი შემოსავლები მხოლოდ იმიტომ გაიზარდა, რომ ქვეყანა მდიდრდება, შემოსავლები იზრდება და შესაბამისად, ცხოვრების დონეც მაღლა იწევს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის კვერის დამკვრელია სტატისტიკის სამსახური, რომელიც ცდილობს, მიშას სიზმრები სტატისტიკური მაჩვენებლებით გაამყაროს.
მაგალითად, საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 379.2 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3.55%-ით გაზრდილია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 63.6%, საშუალო ბიზნესი – 13.5%, მცირე ბიზნესი – 22.9%. აი, აქ მთავრდება მიშას და საქსტატის სიმართლე. ქვეყანა, სადაც წარმოების 64 პროცენტი მსხვილ ბიზნესს მიაქვს და წვრილს მხოლოდ 23 პროცენტი უჭირავს, ვერც სამუშაო ადგილებს გაზრდის და ვერც ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. რა აუმჯობესებს სააკაშვილის შემოსავლებს, ეს საზოგადოებამ ისედაც იცის და რა ზღაპრებს მოჰყვება პრეზიდენტი, არ არის მნიშვნელოვანი.
ბოლოსიტყვა, იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი ცხოვრება სულ უფრო რთული და ღატაკი ხდება, რამდენიმე მაგალითს მოვიტანთ: კომერციულმა ბანკებმა გადაუხდელობის გამო 151 154 კრედიტორს სახლი გაუყიდეს. აქედან თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი 70 ათასამდე ოჯახი. 2011 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბიუჯეტში გადარიცხული თანხის რაოდენობამ 110 569 084 ლარი შეადგინა, რაც 2008 წელთან შედარებით 11-ჯერ მეტია. ამასთან,  გაზრდილია მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობაც. თუ ათიოდე დღის წინ რეესტრში ჩანაწერთა რაოდენობა თითქმის 60 ათასს  შეადგენდა, დღეის მონაცემებით ამ ციფრმა 61 ათასს გადააჭარბა. მოვალეთა რეესტრში იურიდიულზე მეტად ფიზიკური პირები სჭარბობენ. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ექსპერტები ქვეყანაში არსებულ დაბალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებენ.
მანანა გეგიძე

Posted in Uncategorized | Leave a comment

Hello world!

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can always preview any post or edit it before you share it to the world.
Posted in Uncategorized | Leave a comment